X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზა გაიხსნა

26 აპრილი 2024

რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნება.

აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალზე (E60) მოძრავ ავტოტრანსპორტს აღარ მოუწევს ქალაქ ზესტაფონში შესვლა და ისარგებლებს ზესტაფონის შემოვლითი ახალი გზით, რომელიც არგვეთას კვანძთან  შეუერთდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალს.

ახალი გზა ზესტაფონს განტვირთავს სატრანზიტო მოძრაობისგან  და შეამცირებს მაგისტრალით მგზავრობის დროს. შემოვლითი გზის გავლას მხოლოდ 6 წუთი დასჭირდება.

ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი, 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა მოიცავს 4 გვირაბს და 11 ხიდს. ახალი გზა რიკოთის პროექტის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის ნაწილია, სადაც გათვალისწინებულია 14.7 კმ-იანი ჩქაროსნული გზის მშენებლობა. ამ ეტაპზე, სამუშაოების 80% დასრულებულია - 17 ხიდიდან აშენებულია 15 ხიდი და გაჭრილია ათივე გვირაბი.

ზესტაფონის შემოვლითი გზა, როგორც მაგისტრალური გზის ყველა მონაკვეთი,  მნიშვნელოვნად გაზრდის საგზაო უსაფრთხოების სტანდარტს და უზრუნველყოფს კომფორტულ და შეუფერხებელ გადაადგილებას.

ამასთან, უკვე მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები ახალ მაგისტრალურ გზასთან მგზავრთა მომსახურების ცენტრის მოსაწყობად, სადაც გათვალისწინებული იქნება სივრცეები ზესტაფონის ტრადიციული სწრაფი კვების ობიექტებისთვის.

რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, შენდება 52 კმ-მდე გზა, რომელიც მოიცავს 97 ხიდსა და 51 გვირაბს. ამ დროისათვის, ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია 36 კმ გზა, აშენებულია 89 ხიდი და გაჭრილია 50 გვირაბი. სამშენებლო სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს ყველა დარჩენილ ხიდსა და გვირაბზე. საერთო ჯამში, რიკოთის მაგისტრალური ახალი გზის 70%-ით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს.  

შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე მაგისტრალური გზის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით მიმდინარეობს. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდი ლარია.  პროექტი 2024 წლის ბოლოს დასრულდება.

დღევანდელი მდგომარეობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის 276 კმ  ანუ 64% ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია. სამშენებლო სამუშაოები გრძელდება მაგისტრალის 66,1 კმ-ზე.